
ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრას
17/04/2023 09:57:14 თავდაცვა
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრას.
"მხოლოდ 5 მილიონი არ არის ის თანხა, რომლითაც ყოფილმა ხელისუფლებამ სახელმწიფო გაძარცვა. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი. დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა.
კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის დებიტორულ დავალიანებად ჩამოკიდებული, ზოგი გამოწვეულია მათი არაკომპეტენტურობით, მათ შორის შეიძლება დამატებით კიდევ იყოს ისეთი საქმე, რომელიც არის ისევ ძარცვის შედეგად გამოწვეული. ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, იმ შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ და ჩამოვწეროთ დებიტორულ დავალიანებიდან. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და არ არის ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იმ შემთხვევაში იყო მთელი ხელისუფლება", - განაცხადა ბურჭულაძემ.
იგი ასევე გამოეხმაურა BBC-ს სტატიას დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართველმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან:
„ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონერებს და რა თქმა უნდა, ესეც ჩვენთვის დასანანია და ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს. ეროვნულ დონეზე ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით და ახლა გასარკვევია გამოძიების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, გასარკვევია სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში თუ ერთობლივად".