
რუსეთში აშშ–ის ელჩი – კარა-მურზას პატიმრობის შესახებ: "კრიტიკის კრიმინალიზაცია სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის"
17/04/2023 11:06:31 მსოფლიო
რუსეთში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი კრემლის კრიტიკოსის ვლადიმირ კარა-მურზასთვის გამოტანილ განაჩენს გმობს და აცხადებს, რომ "კრიტიკის კრიმინალიზაცია სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის".
"სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ვლადიმირ კარა-მურზასთვის 25 –წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ არის ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაჩუმების მცდელობა. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით, მთავრობის ქმედებების კრიტიკის კრიმინალიზაცია სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის", - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
მისი თქმით, აშშ მხარს დაუჭერს კარა-მურზას და ნებისმიერი რუსის გამოხატვის თავისუფლების უფლებას.
„ბატონ კარა-მურზას და უამრავ სხვა რუსს სჯერა და იმედი აქვს, რომ რუსეთი გახდება ის ქვეყანა, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ შედეგის მისაღწევად“, – დასძინა ელჩმა.
რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმირ კარა-მურზას სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კარა-მურზას სახელმწიფო ღალატს, ჯარის შესახებ „ფეიკების გავრცელებასა “ და „უცხოურ აგენტთან“ თანამშრომლობას ედავებიან.
კარა-მურზა უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.
იგი აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას. კარა-მურზა ასევე ღიად აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის პოლიტიკას.
კარა-მურზამ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარი თავი დაადანაშაულა იმაში, რომ "თავისი საქმიანობის მანძილზე თანამემამულეები საკმარისად ვერ დაარწმუნა, რამდენად სახიფათოა კრემლის რეჟიმი". პოლიტიკოსმა გამოთქვა იმედი, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის საზოგადოება შეიცვლება.