
ირაკლი კობახიძე: "ნაცმოძრაობა" უნდა გაქრეს და გაქრება კიდეც"
13/11/2019 09:12:16 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობა "ეროვნულ ამოცანად" დაასახელა. ამის შესახებ მან განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"ნაციონალების" გაქრობა თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური ამოცანაა. "ნაციონალური მოძრაობა" ზოგადად საფრთხეა ქართული დემოკრატიისთვის. ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამაზე შეთანხმდა 1 150 000 ადამიანი ერთხმად, როდესაც "ნაცმოძრაობა" ბოროტებად გამოაცხადა. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, "ნაცმოძრაობა" უნდა გაქრეს და გაქრება კიდეც პროპორციული სისტემის პირობებში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ვერც "ნაცებმა", "შმაცებმა" ორნიშნა მაჩვენებელი ვერ დადონ შემდეგ არჩევნებში და ეს აბსოლუტურად რეალურია. ჩვენ მათი რეალური სახე უნდა ვაჩვენოთ საზოგადოების იმ ნაწილს - უმცირესობას, რომელმაც ჯერ კიდევ მხარი დაუჭირა ამ ძალას. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. იმდენად მარტივია მათი ბოროტი სახის ჩვენება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც აკეთებდნენ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ოპოზიციას თანამედროვე "ბერბიჭაშვილები" უწოდა, რასაც სერგო რატიანის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა.
"სერგო იცი რას გიზამ? დაგამთავრებ, ნუ იკრიჭები",- უთხრა რატიანს კობახიძემ. ამ ფრაზის გამო ოპოზიციის წევრებმა
კობახიძეს დასცინეს. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" კოალიციას არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ შექმნის.