Accentnews.ge
ალიევი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას

ალიევი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას

18/04/2023 16:59:52 კავკასია

მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ან სხვა საცხოვრებელი ადგილი იპოვონ,– ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა AzTV-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ბაქო აპირებს, უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დასრულების მიზნით.

დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე გააფორმოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ორი ქვეყანა აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულება რეალური გახდება, თუ ორივე ქვეყანა მკაფიოდ, ბუნდოვანებისა და ხრიკების გარეშე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და აიღებს ვალდებულებას, არ წარუდგინონ ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არც დღეს და არც არასდროს. ახლა მინდა, დავადასტურო, რომ სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ველით, რომ აზერბაიჯანი იგივეს გააკეთებს“, - განაცხადა მან პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

ამასთან, მისი თქმით, იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს შესაძლო შეთანხმების განხორციელება, აუცილებელია საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბება:

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების ხელმოწერიდან მეორე დღეს შეიძლება დაიწყოს ომი ან ახალი ესკალაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მხარეებს შორის დავის გადაწყვეტის მექანიზმები, რათა თუ მხარეები ვერ შეძლებენ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ხელშეკრულების ტექსტის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს გადაწყვიტონ, არსებობდეს ისეთი ისტანცია, რომელიც ამას გააკეთებს და რომლის გადაწყვეტილებაც მხარეებისთვის სავალდებულო იქნება“.

რა საზღვრებში უნდა აღიარონ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა? ფაშინიანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის სსრ-ის საზღვრების შესახებ განაცხადა, მაგრამ არ დაუზუსტებია, რომელი წლის საზღვრებზე იქნება საუბარი, –წერს რადიო აზათუტიუნი.

„ჩვენ თვითონ შევთავაზეთ შეთანხმებაზე სსრკ-ის მიერ დამტკიცებული სომხეთისა და აზერბაიჯანის სსრ რუქების მიმაგრება, როგორც ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველის. მაგრამ აქ მივედით უდიდეს და ყველაზე რთულ პრობლემასთან - მთიან ყარაბაღთან“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

როგორ წარმოგუდგენია პრემიერ-მინისტრს მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა? მას ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ გაუცია, მაგრამ თვითგამორკვევის უფლების პრინციპზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ამას ყარაბაღის დამოუკიდებლობის საფუძველი რეალურად არ შეუქმნია.

„ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის მოლაპარაკებისა და დიალოგის საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიული დავა მთიანი ყარაბაღის გამო 1980-იანი წლების ბოლოდან მიმდინარეობს. ამ დროს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა რეგიონმა, ძირითადად ეთნიკურად სომხებით დასახლებულმა, სომხეთის მხარდაჭერით, გამოაცხადა აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლა, ხოლო 1991 წლის სექტემბერში გამოაცხადა "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის" შექმნა.

1988-1994 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს სეპარატისტულ რეგიონში 30 000 ადამიანი დაიღუპა. მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის რამდენიმე მიმდებარე რეგიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მოექცა. შედეგად, ასობით ათასი ადამიანი, ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები, დევნილად იქცა.

2020 წლის სექტემბრის ბოლოს სიტუაციის კიდევ ერთი გამწვავების შემდეგ, აზერბაიჯანმა რიგი რეგიონები თავის კონტროლის ქვეშ დააბრუნა და უძველესი და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა აიღო. შუშას აღების მეორე დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას რეგიონში ომის დასრულების შესახებ. საკონტაქტო ხაზზე რუსი სამხედროები განლაგდნენ, მაგრამ მათ ხშირად ადანაშაულებს უმოქმედობაში სომხური მხარე, მაგალითად, ლაჩინის დერეფნის გადაკეტვისას. ეს ერთადერთი დერეფანია, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა აქტივისტებმა გადაკეტეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S