
"სასამართლო გუშაგი" "ოცნების" გადაწყვეტილებას მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობად აფასებს
19/04/2023 08:23:09 სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაცია, "სასამართლო გუშაგი" მიიჩნევს, რომ მმართველი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება არ გამოტანილიყო პარლამენტში კენჭისყრაზე მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნის საკითხი, სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობაა.
"საპარლამენტო უმრავლესობის „პოლიტიკური სოლიდარობის აქტი“ არის მოსამართლეებზე პოლიტიკური ზემოქმედების მცდელობა. ეს წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სასამართლო სისტემაში დღეს არსებული „კლანური მმართველობის“ მხარდაჭერა და შენარჩუნება. ამასთან, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინტერესში არ შედის სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარების გამოსწორება", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში გატარდეს რეფორმა:
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია, რათა საპარლამენტო დონეზე შესწავლილი იქნას ისეთი საკითხები, რომლებიც შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს, მოსამართლეთა დანიშვნებს, საქმეთა განაწილებას, ინდივიდუალური მოსამართლისა და სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამასთანავე, ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა სასამართლო რეფორმის გატარებაა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ქმედებები რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას არ ემსახურება".
ცნობისთვის: კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.