Accentnews.ge
"ბატონი ბიძინასგან უკმაყოფილება მივიღე იმაზე, რომ ამის მოთავე ვარ მე"

"ბატონი ბიძინასგან უკმაყოფილება მივიღე იმაზე, რომ ამის მოთავე ვარ მე"

13/11/2019 12:15:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია, აცხადებს, რომ უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე მან "უკმაყოფილება მიიღო ბატონი ბიძინასგან იმაზე, რომ ამის მოთავე ის არის".

„არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ ამას, თუმცა იყო დარწმუნების მცდელობა, ეს არის ნორმალური. იყო ცოტა ცხელი საუბრები, უფრო მეტად გუნდის წევრებისგან, თუმცა ბიძინა ივანიშვილისგან ეს უკმაყოფილება მივიღე, რომ ამის მოთავე ვარ მე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამასთან, იგი პარლამენტში კენჭისყრის გადადებას დადებითად აფასებს. 

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, ისევ გადადო. როგორც მმართველის გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, 14 ნოემბერს მმართველი გუნდის წევრები საკითხზე სამსჯელოდ ისევ შეიკრიბებიან. დეპუტატებმა პარტიის ოფისში შეხვედრა დღესაც გამართეს, თუმცა კონსენსუსი, როგორც თავად აცხადებენ, არ შედგა. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა, და იმისთვის, რომ კენჭისყრის საკითხი რისკის ქვეშ არ დადგეს, კენჭისყრა უნდა გადაიდოს.  

დღეს საპარლამენტო გამოსვლების პარალელურად პარლამენტთან აქციას მართავდნენ მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტები. შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, გადაწყვეტილება შეცვალოს და არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულის ნაცვლად, პროპორციული საარჩევნო სისტემით გამართვას გულისხმობს.

„ნოკაუტში გაგისტუმრებთ იმათ, ვინც ახლა პარლამენტში ხართ. თუ გაბედავენ ყველაფრისთვის მზად ვართ, არაფრის შეგეშინდეთ", - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის: ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ პროექტის ჩაგდებას ამ გზით ცდილობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S