
"ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციულმა გამოსვლებმა მოწინააღმდეგეების რიცხვი გაზარდა"
13/11/2019 12:15:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციულმა გამოსვლებმა" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეთა რიცხვი გაზარდა.
"როცა ვთხოვ და ჩვენი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც სთხოვენ, რომ დავანებოთ ამ რიტორიკასა და დემაგოგიას თავი... ეს არის დამაზიანებელი და უფრო აღიზიანებს ამ ხალხს. ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მერე რა რომ უმრავლესობის წევრები არიან, ხომ არ არიან რკინის. აქვთ ემოციები, წარმოდგენები, არგუმენტები და ახმოვანებენ ამ არგუმენტებს. არ უნდა გავაღიზიანოთ დამატებით", - განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, მიდიან თუ არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ის დეპუტატები, რომლებიც კანონპროექტს უპირისპირდებიან, მდინარაძე პასუხობს რომ არა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, ისევ გადადო. როგორც მმართველის გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, 14 ნოემბერს მმართველი გუნდის წევრები საკითხზე სამსჯელოდ ისევ შეიკრიბებიან. დეპუტატებმა პარტიის ოფისში შეხვედრა დღესაც გამართეს, თუმცა კონსენსუსი, როგორც თავად აცხადებენ, არ შედგა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა, და იმისთვის, რომ კენჭისყრის საკითხი რისკის ქვეშ არ დადგეს, კენჭისყრა უნდა გადაიდოს.
დღეს საპარლამენტო გამოსვლების პარალელურად პარლამენტთან აქციას მართავდნენ მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტები. შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, გადაწყვეტილება შეცვალოს და არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულის ნაცვლად, პროპორციული საარჩევნო სისტემით გამართვას გულისხმობს.
„ნოკაუტში გაგისტუმრებთ იმათ, ვინც ახლა პარლამენტში ხართ. თუ გაბედავენ ყველაფრისთვის მზად ვართ, არაფრის შეგეშინდეთ", - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის: ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ პროექტის ჩაგდებას ამ გზით ცდილობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.