
საგამოძიებო კომისიის შექმნის ხელშეშლა სასამართლო კლანის მხარდაჭერაა - მართლმსაჯულების კოალიცია
19/04/2023 12:48:01 სამართალი
"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის უმრავლესობიდან ხელშეშლას "კლანის მხარდაჭერის" გამოხატვად აფასებს.
მისი განცხადებით, "საპარლამენტო უმრავლესობა ბოროტად იყენებს საპარლამენტო პროცედურებს და რეგისტრაციის გავლაზე უარით, ხელს უშლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას".
"ე.წ. სოლიდარობის აქტი სინამდვილეში სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის - კლანის მხარდაჭერის გამოხატვაა. ამასთან, ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების მიერ ჩადენილ კორუფციულ გარიგებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს... ამგვარი ქმედებით „ქართული ოცნება”, სასამართლო კლანის მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს, უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია", - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტში ინიცირებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით. 18-19 აპრილის სხდომებზე კენჭისყრების დაწყებამდე „ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრაცია არ გაიარა და კვორუმი ხელოვნურად ჩააგდო, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭი ვერ ეყარათ. როგორც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს არის მმართველი გუნდის „სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“.