
ჯანეზაშვილი - საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, იქ მისვლა ჩინჩალაძეს, მურუსიძეს და სხვებსაც მოუწევთ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მათ დისკომფორტი არ შეუქმნას
20/04/2023 09:17:12 სამართალი
„სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოთხ მოსამართლეს, რომელთაც აშშ-მა სავიზო შეზღუდვები დაუწესა, დისკომფორტი არ შეუქმნას.
„სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მათი ვალდებულებები შეასრულეს, მაგრამ პარლამენტს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, მნიშვნელოვანი მექანიზმები აქვს. საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, იქ მისვლა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და სხვებსაც მოუწევთ. შესაბამისად, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ დისკომფორტი არ შეუქმნას. ოთხი მოსამართლიდან, რომლებიც სანქცირებულები არიან, სამმა მათგანმა საჯაროდ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთა. მათ სანქცირების შემდეგ ხმა ამოიღეს, მაგრამ მიხეილ ჩინჩალაძე არის ის ადამიანი, რომელსაც სანქცირების შემდეგ ხმა არ ამოუღია. საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მოქმედმა მოსამართლემ, რომელიც მაღალი ნდობის პირია და ამავდროულად მთელი სასამართლოს მმართველი პირი, მისი დასანქცირების მიზეზებზე ღიად ისაუბროს”,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
როგორ მან აღნიშნა, მმართველი პარტია მოსამართლეებს იმიტომ მფარველობს, რომ „ერთი გუნდია“.