Accentnews.ge
სტრასბურგმა სახელმწიფოთაშორისი საქმე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასაშვებად სცნო

სტრასბურგმა სახელმწიფოთაშორისი საქმე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასაშვებად სცნო

20/04/2023 09:59:18 სამართალი

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასაშვებად სცნო. როგორც სასამართლო განმარტავს გადაწყვეტილება ამ საქმეზე შემდეგ ეტაპზე იქნება. საქმე ეხება 2018 წლის აგვისტოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ.

საჩივარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებებსა და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს.

საქართველოს მთავრობა საჩივარში ამტკიცებს, რომ რუსეთი ჩართულია და კვლავ აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის შევიწროებას, უკანონო დაკავებებს, ეთნიკურად იმ ქართველების წამებას, მკვლელობასა და დაშინებას, ვინც შეეცადა გამყოფი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას, ან ვინც ამ ხაზთან ახლოს ცხოვრობს.

სარჩელში ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ცხინვალში გაიტაცეს და წამებით მოკლეს, ასევე გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის უკანონო დაკავება და მკვლელობა.

საქართველო რუსეთის ფედერაციას ევროკონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში სდებს ბრალს, ესენია: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პიროვნების პატივისცემის უფლება, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა.

სარჩელში საქართველო სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევები განიხილოს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრაციები, არამედ, როგორც კონვენციის ინდივიდუალური დარღვევის შემთხვევები.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმეებზე არსებობს ინდივიდუალური სარჩელებიც, რაც სტასბურგმა აქამდე მიიღო, ამიტომ სახელმწიფოთაშორის საქმეში იგი მხოლოდ განიხილავს ბრალდებებს ადმინისტრაციულ პრაქტიკის შესახებ, ხოლო სამ ცალკეულ შემთხვევას, როგორც ამის სავარაუდო ილუსტრაციას.

გასული წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. 16 სექტემბერს ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს. თუმცა, ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S