
იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი
20/04/2023 13:11:43 სამართალი
„დღევანდელი განჩინებით სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე, სრულად დასაშვებად გამოაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან დღემდე განგრძობითად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე“, – ასე ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქმის "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასაშვებად ცნობის თაობაზე.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, "მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის საილუსტრაციო შემთხვევებს".
„საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობის კომპლექსური სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები გაიგზავნა 2021 და 2022 წლებში, მათ შორის, მასალა ეროვნული არქივებიდან; საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ რუსეთის ფედერაციის დარღვევების შესახებ დოკუმენტირებული ინფორმაცია და სტატისტიკა; ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის შესაბამის საქმეებზე; საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები; რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები; სეპარატისტი დე ფაქტო „ხელისუფლებების“ და რუსეთის ფედერაციის „ურთიერთობის“ ამსახველი წყაროები (ინფორმაცია მათ შორის არსებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და სხვა ტიპის მჭიდრო კავშირებზე). აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დასაშვებად ცნო საქართველოს მთავრობის ყველა პრეტენზია.
დასაშვებობის დადგენის შედეგად, ე.წ. განრძობადი ოკუპაციის საქმე ახლა გადაინაცვლებს არსებითი განხილვის ეტაპზე. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაშვებობის ეტაპისთვის არსებობს რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები: მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები, დამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება). აღსანიშნავია, რომ მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის საილუსტრაციო შემთხვევებს და განხილული იქნება ზემოხსენებული ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ევროპული სასამართლო კონკრეტულად ამ საქმეების ფაქტობრივ გარემოებებზე იმსჯელებს ინდივიდუალური საჩივრების ჭრილში, სადაც საქართველოს მთავრობა ერთვება მესამე მხარედ და წარადგენს სამართლებრივ პოზიციას მომჩივანთა მხარდასაჭერად. დასაშვებობის დადგენის შედეგად, ე.წ. განრძობადი ოკუპაციის საქმე ახლა გადაინაცვლებს არსებითი განხილვის ეტაპზე, სადაც სასამართლო შეისწავლის საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გასაჩივრებულ ადამიანის უფლებათა მასობრივ და კონკრეტულ დარღვევებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასაშვებად სცნო. როგორც სასამართლო განმარტავს გადაწყვეტილება ამ საქმეზე შემდეგ ეტაპზე იქნება. საქმე ეხება 2018 წლის აგვისტოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ.
საჩივარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებებსა და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს.
საქართველოს მთავრობა საჩივარში ამტკიცებს, რომ რუსეთი ჩართულია და კვლავ აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის შევიწროებას, უკანონო დაკავებებს, ეთნიკურად იმ ქართველების წამებას, მკვლელობასა და დაშინებას, ვინც შეეცადა გამყოფი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას, ან ვინც ამ ხაზთან ახლოს ცხოვრობს.
სარჩელში ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ცხინვალში გაიტაცეს და წამებით მოკლეს, ასევე გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის უკანონო დაკავება და მკვლელობა.
საქართველო რუსეთის ფედერაციას ევროკონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში სდებს ბრალს, ესენია: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პიროვნების პატივისცემის უფლება, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა.
სარჩელში საქართველო სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევები განიხილოს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრაციები, არამედ, როგორც კონვენციის ინდივიდუალური დარღვევის შემთხვევები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმეებზე არსებობს ინდივიდუალური სარჩელებიც, რაც სტასბურგმა აქამდე მიიღო, ამიტომ სახელმწიფოთაშორის საქმეში იგი მხოლოდ განიხილავს ბრალდებებს ადმინისტრაციულ პრაქტიკის შესახებ, ხოლო სამ ცალკეულ შემთხვევას, როგორც ამის სავარაუდო ილუსტრაციას.
გასული წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. 16 სექტემბერს ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს. თუმცა, ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.