
ევროკავშირმა შექმნა მექანიზმი იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მოლდოვას
20/04/2023 16:02:29 ევროპა
ევროკავშირმა შექმნა მექანიზმი იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიასა და სტაბილურობას მოლდოვის რესპუბლიკაში. მექანიზმი სპეციალურად მოლდოვისთვის შეიქმნა და მას 24 აპრილს, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.
დოკუმენტი ადგენს ევროპული სანქციების ჩარჩოს. მედია პროექტზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ისეთ თუ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომლებსაც პასუხისმგებლობა დაეკისრებათ შემდეგ ქმედებებზე:
- დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ხელის შეშლა ან შელახვა, მათ შორის არჩევნების ჩატარების ხელის შეშლით ან სერიოზული შელახვით, ან კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობით;
- მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვა ან მისი სტაბილურობისა და უშიშროებისთვის საფრთხის შექმნა, მათ შორის ძალადობრივი დემონსტრაციების ან ძალადობის სხვა აქტების დაგეგმვა, ხელმძღვანელობა, მონაწილეობა, პირდაპირ ან ირიბად მათი მხარდაჭერა;
- სერიოზული ფინანსური დარღვევები სახელმწიფო სახსრებთან მიმართებაში.
19 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მოლდოვაში შიდა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში მონაწილე პირების მიმართ დაუყოვნებლივი სანქციების შესახებ. ევროპარლამენტარებმა ევროკავშირს მოუწოდეს სანქციები დაუწესოს გაქცეული მოლდოველი ოლიგარქების ილან შორისა და ვლადიმერ პლაჰოტნიუკის წინააღმდეგ და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ბიზნესისა და პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ, ასევე მოითხოვოს მათი ექსტრადიცია მოლდოვაში მათი გასამართლებისთვის.