
ავსტრიამ დაახლოებით 2 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა
20/04/2023 16:39:48 ევროპა
ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ გააყინა რუსების 2 მილიარდი ევროს ფინანსური აქტივები.
ის შეხვდა აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილეს ტერორიზმთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საკითხებში ბრაიან ნელსონს და აღნიშნა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტური გამოყენება ავსტრიის, ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესებშია. ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლეთის სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ და გაყინული გვაქვს რუსეთის თითქმის 2 მილიარდი ევროს ფინანსური აქტივები ომის დაწყებიდან“, - განაცხადა ბრუნერმა.
მანამდე მსოფლიო ბანკმა გაზარდა შეფასება იმის შესახებ, თუ რამდენი სჭირდება უკრაინას ომის შემდგომი აღდგენისთვის – საუბარია, მინიმუმ 411 მილიარდ დოლარზე.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინას მიყენებული ზარალი 600 მილიარდ ევროს შეადგენს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის აღდგენა ტრილიონ დოლარზე მეტი დაჯდება. ვარაუდობენ, რომ ამისთვის ფინანსები გადაირიცხება რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან.