
გერმანია ნატო-ში უკრაინის მიღებას ამ ეტაპზე შეუძლებლად მიიჩნევს
21/04/2023 06:26:54 მსოფლიო
გერმანია ნატო-ში უკრაინის მიღებას ამ ეტაპზე შეუძლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში განაცხადა.
"უკრაინისთვის ნატო–ს კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ დღეს არ არის წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დრო. ჯერ საჭიროა რუსეთის თავდასხმის მოგერიება და ამის შემდეგ საკითხის კარგად გააზრება. ნატო–ში უკრაინის მიღების საკითხი უნდა გადაწყდეს ცივი გონებით და მხურვალე გულით და არა – ცხელი გონებით და ცივი გულით", – განაცხადა მინისტრმა.
- უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად, გუშინ კიევს ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. კიევში გამართულ პრეს–კონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატო–შია. გენერალური მდივნის ინფორმაციით, ნატო–ს წევრობისკენ უკრაინის გზაზე საუბარი იქნება ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზე, რომელზეც მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტიც.
- წუხელ უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნატო–ს წევრობის განაცხადი დაკმაყოფილდეს და თუ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა არ მიიღებს ნატო–ში "დამსახურებულ პოლიტიკურ მიწვევას, ალიანსის ლიდერებს ვერ გაუგებს ვერც უკრაინელების და ვერც ნატო–ს სივრცეში მცხოვრებთა უმრავლესობა".
- კიევმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ – 2022 წლის სექტემბერში ნატო–ს წევრობის ოფიციალური განაცხადი წარადგინა.