
აფხაზური პროდუქცია უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი
13/11/2019 16:58:50 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო–სამრეწველო პალატის დელეგაცია მის ხელმძღვანელ თამილა მერცხულავას თაოსნობით ჩინურ ქალაქ შანხაიში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, – იუწყება აფხაზური მედია.
მისივე ცნობით, კვების პროდუქტების, სასმელების, სასტუმრო მომსახურების, საზოგადოებრივი კვების და საცალო ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში სულ 3500 კომპანია მონაწილეობს მსოფლიოს 48 ქვეყნიდან, მატ შორის – ავსტრიიდან, ავსტრალიიდან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, კანადიდან, კვიპროსიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, დანიიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, კორეიდან, ტაივანიდან, მექსიკიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სინგაპურიდან, ესპანეთიდან, ტაილანდიდან, აშშ–დან და ა.შ.
„აფხაზი მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია აზია–წყნარი ოკეანეს რეგიონის საერთაშორისო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩინეთისა და აზიის ბაზრებთან თანამშრომლობის განსავითარებლად“, – განაცხადა მერცხულავამ.
საერთაშორისო გამოფენა მუშაობას 14 ნოემბერს დაასრულებს.