
სომხეთმა ერთსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი კანონპროექტის მიღებაზე უარი განაცხადა
13/11/2019 17:14:28 სხვა, მსოფლიო
სომხეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი კანონპროექტის მიღებაზე უარი განაცხადა.
კანონმდებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარტია „აყვავებული სომხეთის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება სრულიად ზედმეტია, რადგან ქვეყნის კონსტიტუციით ქორწინება ისედაც არის განსაზღვრული, როგორც კავშირი „ქალსა და მამაკაცს“ შორის.
კანონპროექტის თანაავტორი – დეპუტატი გევორქ პეტროსიანი ცნობილია თავისი ანტილგბტქ განწყობებით. იგი მოითხოვდა, კანონმდებლებს შეეტანათ საოჯახო კოდექსში დებულება, რომელიც "ერთსქესიან და ტრანსგენდერულ ქორწინებას პირდაპირ აკრძალავდა".
პეტროსიანმა შემოთავაზებულ დებულებას ეროვნული უსაფრთხოების საკითხი უწოდა და მიმართა დეპუტატებს კითხვით, ისურვებდნენ თუ არა ისინი, მსგავსი მოვლენა საკუთარ ოჯახებში ეხილათ.
პეტროსიანის პათოსმა პარლამენტის სპიკერი არარატ მირზოიანი აღაშფოთა. მან მოუწოდა კანონმდებელს საკითხის პერსონალიიზაციისგან თავი შეეკავებინა.
ცნობისთვის: საქართველოში ქორწინების კონსტიტუციური განმარტების შეცვლის ინიციატივით 2012 წელს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოდიოდა და ამ ინიციატივის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. მოგვიანებით, 2014 წელს, იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, სურდა კონსტიტუციაში ოჯახის განმარტება შესულიყო, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია ოჯახის განმარტებას არ მოიცავს.
ამჟამად საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ახალამოქმედებულ კონსტიტუციაში ჩაწერილია ნორმა, რომლის მიხედვით, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. საკონსტიტუციო რეფორმა 2017 წელს განხორციელდა.