Accentnews.ge
"იძალადეს ბიჭზე, ათრიეს ბებია": რა უნდა ვიცოდეთ საკუთარი უფლებების შესახებ, როდესაც  პოლიციელი გვაჩერებს

"იძალადეს ბიჭზე, ათრიეს ბებია": რა უნდა ვიცოდეთ საკუთარი უფლებების შესახებ, როდესაც  პოლიციელი გვაჩერებს

21/07/2023 14:46:40 ეს საინტერესოა, საზოგადოება

ალბათ ხშირად შეამჩნევდით საქართველოს დიდი ქალაქების ქუჩებში სამართალდამცველების (რიგ შემთხვევებში, შავი ფერის სამოქალაქო სამოსში გამოწყობილების) მიერ შეჩერებულ მოქალაქეებს, უმეტესად მამაკაცებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, რომლებსაც ფოტოებს უღებენ, უსვამენ კითხვებს. მსგავსი გამოცდილების მქონე ახალგაზრდები საუბრობენ ხოლმე ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან გამომწვევ ქცევაზე, არაეთიკური ლექსიკის გამოყენებაზე, სხვადასხვა ხარისხის დარღვევებზე. თუ პირი საკუთარი უფლებების შესახებ არ არის ინფორმირებული, ჭარბობს ემოციური ფონი, ცდილობს, არასასურველ კომუნიკაციას მალე დააღწიოს თავი, მოვლენები კი შესაძლოა, მისთვის არასასურველი სცენარით განვითარდეს.

თემა აქტუალური მორიგ ჯერზე მას შემდეგ გახდა, რაც 21 წლის ლაშა ჟღენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ გახდა ცნობილი, რომელსაც ამჟამად სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

როგორც ოჯახი ყვება, ახალგაზრდა 20 ივლისს, შუადღის ორი საათისთვის ახლობლის დაკრძალვაზე მიდიოდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, "უნდა გადაგამოწმოთო".

„მოინდომეს ზედაპირული გაჩხრეკა და მაგ დროს „ტრუსიც“ გამიწიეს. ვხვდები, რომ ზედაპირულად გაჩხრეკა შეუძლიათ, მაგრამ როცა „ტრუსი“ გამიწიეს, ვუთხარი, რომ ხელი გაეწიათ. თურმე სიტყვები „ხელის გაწევა“ პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა და პოლიციას ეგრე არ უნდა ვესაუბრო. [პოლიციის] მანქანაშიც მგუდავდნენ. მანქანაში რომ მტენიდნენ, ხომ არ დავეთანხმებოდი. მანქანაში რომ ჩამსვეს და ბორკილები დამადეს, მაქანაშიც მირტყეს თავში“, – ყვება ლაშა ჟღენტი. ფაქტს ადასტურებს მისი ძმა.

ახალგაზრდის დედა ამბობს, რომ ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს და ამბობს იმასაც, რომ ბებია, რომელიც შვილიშვილის დახსნაც ცდილობდა, დაშავებულია:

"როდესაც ბავშვი მანქანაში ჩატენეს, ბებიამ დაინახა და არ ატანდა, წინ ჩაჯდა, მაგრამ გადმოაგდეს და 3–4 მეტრზე ათირეს – ღია კარით მოძრაობდა მანქანა და 74 წლის ქალს ათრევდა. ამას ხალხი უყურებს! შემდეგ ბებიამ გონება დაკარგა. ძალიან ცუდადაა. ექიმმა გვთხოვა, არაფერი შევახსენოთ. ქალმა იმხელა სტრესი გადაიტანა, საკუთარი სახელი დაავიწყდა – მეხსიერების პრობლემები აქვს... ბავშვს მანქანაში იტყამდნენ, ფეხი კარში მოაყოლეს, მძღოლი ცალი ხელით ატარებდა და ცალი ხელით ურტყამდა. პოლიციის განყოფილებაში რომ შეიყვანეს, ემუქრებოდნენ, "14 წელს მოგისჯითო". მანქანის კარი ისე დატოვეს, "თუ გინდა, გადადიო", ბავშვმა იკითხა, "შემდეგ რა ხდებაო", "გესვრითო"... ვერც წარმომედგინა, მსგავსი რამ თუ შეიძლებოდა, მომხდარიყო. 3–4 საათი ვეძებდი ბავშვს და ვერსად მივაგენი. უკვე ჟურნალისტები რომ ჩაერთდნენ და ნახეს, რომ გაჩერებას არ ვაპირებდი, სავარაუდოდ შეეშინდათ",– ყვება ქალი.

ის ამბობს, რომ "ოჯახის ახლობლისგან" ზარი განხორციელდა, რომელსაც ერთგვარი შუამავლის როლი ჰქონდა: "უნდა დავთანხმებოდით პრეტენზიებს, მოგვეხადა ბოდიში და ჯარიმა გადაგვეხადა და ყველაფერი დაგვესრულებინა. შემდეგ მეორე ადამიანმა დარეკა... ჩემს შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ მიუყენებია პოლიციელებისთვის და უკაცრავად, ხელით რომ შეეხები სასქესო ორგანოზე, ყველა გაუძალიანდება. დაფიქრდით, გინდათ, ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც 21 წლის ბიჭზე ძალადობენ და ცდილობენ, ეს ლამაზი თაობა გააბოროტონ?! იცოდეთ, რომ ყველას კარზე დააკაკუნებენ! სახლში რომ მივედი, ჩემი შვილი მეუბნებოდა, "დედა, შეურაცხყოფილი ვარ!" და ამით ყველაფერი მითხრა. "ხელზე ბორკილებდადებულს დედას მაგინებდნენ, შემდეგ ყველაფერს რომ მორჩნენ, 10–წამიანი ვიდეო გადამიღეს, ალბათ ფიქრობდნენ, რომ ამ რამეს ვეტყოდი, რომ შემდეგ გამოეყენებინათ, მაგრამ რაზე უნდა მესაუბრა, ესენი ადამიანები კი არა ცხოველები იყვნენო".

იხილეთ ასევე: რატომ აგროვებენ პოლიციელები მოზარდების პერსონალურ მონაცემებს?

მსგავს „ქეისებს“ იცნობენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრშიც“. როგორც იურისტი მარიამ პატარაიძე გვიყვება, ორი ახალგაზრდა, რომლის ინტერესევსაც ორგანიზაცია იცავდა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჯერ შეაჩერეს, შემდეგ კი შეჩერება ადმინისტრაციული მუხლით დაკავებაში გადაიზარდა. ინციდენტი 8 მარტს მოხდა – იმ დროს, როდესაც ქვეყანაში „აგენტების“ შესახებ არაკონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საპროტესტო ტალღა აგორდა.

„ეს ის დღე არის, როდესაც „ქალთა მარში“ ჩატარდა. მარში 15:00 საათზე დაიწყო, შემდეგ მას სტუდენტები შეუერთდნენ დაახლოებით 17:00 საათისთვის. მთავარი აქცია 19:00 საათზე უნდა გამართულიყო [პარლამენტის შენობის წინ – რედ]. ჩვენი ბენეფიციარები პოლიციამ დააკავა მეტროს სადგურ „თავისუფლების“ წინ. პირველ ეტაპზე მათ ჩაუტარეს ზედაპირული დათვალიერება, გადაუღეს ფოტოები. იმ დღეს შსს–მ გაავრცელა განცხადება, რომ 10 პირი დააკავეს, „რომლებსაც ჰქონდათ კანონით აკრძალული ნივთებიო“. რეალურად, ერთ–ერთი ჩვენი ბენეფიციარის ნივთები იყო: ყვითელი ფერის ბოლი, სათვალე და პირბადე. ამ ნივთების ფოტოებიც თან ერთოდა შსს–ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, როგორც „კანონსაწინააღმდეგო ნივთები“, ხოლო დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ კონკრეტულად ეს ნივთები, რაც ჩვენს ბენეფიციარს ჰქონდა, კანონსაწინააღმდეგო არაა. შესაძლოა, პოლიციელებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ეს ყვითელი ფერის ბოლი რაიმე სახის ფეთქებადი საშუალება იყო, არ დაელოდნენ შემოწმებას და სწრაფადვე აცნობეს საზოგადოებას, რომ „მნიშვნელოვანი“ ღონისძიება გაატარეს. შემდეგ უკვე სამართალდარღვევის ოქმში მიუთითეს, თითქოს ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომელს, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება, არც სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერი, არც გარე პერიმეტრიდან ან მედიიდან ამოღებული ვიდეომტკიცებულება არ არსებობს. უბრალოდ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული ნივთები კანონსაწინააღმდეგო არ იყო, დილის 06:30 სთ–ზე გაათავისუფლეს (დააკავეს საღამოს ექვსის წუთებზე). ეს დაკავება იყო სრულიად უკანონო და რეალურად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი არც ჰქონია“,– იხსენებს პატარიძე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერის არარსებობას მსგავს საქმეებში ადვოკატები გავრცელებულ პრობლემად ასახელებენ: „დამივარდა, გამოირთო, გაფუჭდა – მსგავს არგუმენტებს ასახელებენ პოლიციელები პასუხად, თუ რატომ არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულება. რეალურად, ეს უნდა იყოს ერთ–ერთ მთავარი ობიექტური მტკიცებულება, რასაც სასამართლო უნდა ეყრდნობოდეს და არა პოლიციელის ჩვენება. იგივე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როდესაც არ არსებობს ვიდეომტკიცებულება, პოლიციელის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას ნაკლებად სარწმუნო მტკიცებულებად განიხილავს, რადგან არსებობს თვითნებობის რისკები პოლიციის ქმედებებთან მიმართებით. ძალიან ხშირად, მხოლოდ ერთი დამკავებელი პოლიციელის ჩვენება საკმარისია, რომ მოსამართლემ თქვას, რომ პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა მოხდა“.

მაინც რა უნდა ვიცოდეთ საკუთარი უფლებების შესახებ, რათა შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა:

  • უპირველესად, მსგავს ვითარებაში იურისტების რჩევაა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე; როდესაც პოლიციელი კომუნიკაციას ამყარებს, საწყის ეტაპზევე უნდა წარმოგვიდგინოს თავი;
  • თუ მას უნიფორმა არ აცვია, უნდა მოვთხოვოთ სამსახურეობრივი მოწმობის წარმოდგენა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად სამართალდამცველს ვესაუბრებით და დავადგინო მისი ვინაობა;
  • თუ პირი, რომელიც ჩვენთან კომუნიკაციას ამყარებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელია, შეგვიძლია, მოვთხოვოთ სამხრე კამერის ჩართვა, ხოლო თუ არ არის (მაგალითად, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არ არიან აღჭურვილნი სამხრე ვიდეოკამერებით), უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თავად გვაქვს კომუნიკაციის გადაღების უფლება;
  • ვკითხულობთ ჩვენი შეჩერების მიზეზს;
  • პოლიციელს უფლება აქვს, „გონივრული ვარაუდის“ საფუძველზე, გასაუბრების მიზნით შეაჩეროს პირი, მაგრამ თუ პირის იდენტიფიცირება ხდება – აწვდის პოლიციელს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ან ეუბნება პირად ნომერს), მას აღარ აქვს ფოტოს გადაღების უფლება, რადგან იდეაში, მსგავსი ქმედების მიზანი პირის იდენტიფიცირებაა;
  • როდესაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ პირი შესაძლოა, ატარებდეს კანონსაწინააღმდეგო ნივთს, პოლიციელს უფლება აქვს განახორციელოს ზედაპირული შემოწმება;
  • ზედაპირული შემოწმება არსებითად განსხვავდება ჩხრეკისგან. პირველის შემთხვევაში პოლიციელი ზედაპირული ხელის შეხებით ამოწმებს, პირს აქვს თუ არა მაგალითად, იარაღი და არ აქვს ჯიბეში ხელის ჩაყოფის უფლება;
  • სამართალდამცველს ჩხრეკის უფლება აქვს სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში და გადაუდებელი აუცილებლობისას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება. ეს ქმედება ხორციელდება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფარგლებში;
  • ჩხრეკის დროს უფლება გვაქვს, მოვითხოვოთ მოწმეთა დასწრება. მხოლოდ ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთი და პოლიციელის ჩვენება აღარ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენისთვის, თუ იყო შესაძლებლობა ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების – მაგალითად, ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღება, ნეიტრალური მოწმეების მოწვევა;
  • თუ პოლიციელი გვაჩერებს და გვეუბნება, რომ გამოკითხვის მიზნით უნდა გადაგვიყვანოს განყოფილებაში, უნდა ვიცოდეთ, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. თუ სისხლის სამართლის საქმეზეა გამოძიება დაწყებული, შესაბამისი უწყება უნდა მოგვივიდეს გამოკითხვაზე გამოძახების თაობაზე. შეგვიძლია, უარი ვთქვათ განყოფილებაში გადასვლაზე, არ აქვთ იძულებით გადაყვანის უფლება. შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ „არ ვენდობით საგამოძიებო უწყებას და უფრო დაცულად ვიგრძნობ თავს, თუ ინფორმაციას მოსამართლის წინაშე მივაწვდით საგამოძიებო უწყებას“;
  • იმისთვის, რომ პირს შეეფარდოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადება (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა), აუცილებელია, პოლიციელის მიერ წამოყენებული მოთხოვნა იყოს კანონიერი, ანუ ჩადიოდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. პატარიძე იხსენებს, რომ ხშირად ამ მუხლს იყენებენ წვრილმან ხულიგნობასთან კომბინაციაში, „პირი ილანძღებოდა, ჩვენ მოვუწოდეთ, შეეწყვიტა ლანძღვა–გინება, მან კვლავ განაგრძო და შემდეგ უკვე დავაკავეთ, როგორც წინააღმდეგობის გაწევისთვის, ასევე კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაცო“. მაგალითად, მარტის აქციებთან დაკავშირებით სასამართლომ პოლიციის შეურაცხყოფად ჩათვალა „მონებო და რუსებო“;
  • უნდა გვახსოვდეს, რომ გვაქვს უფლება დავრეკოთ შსს–ს გენერალურ ინსპექციაში ნომერზე – 126, თუ ვეჭვობთ, რომ პოლიციელის მხრიდან გადაცდომას აქვს ადგილი, მაგრამ მოვძებნოთ ფორმულირება, რათა შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული მაგალითად „ცრუ დასმენის“ ბრალდება. ამდენად, შეგვიძლია, განვაცხადოთ, „მაქვს გონივრული საფუძველი, ვიფიქრო, რომ ჩემს მიმართ სავარაუდო უკანონო ქმედება ხორციელდება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S