
ერდოღანმა ტრამპს მისთვის მიწერილი წერილი უკან დაუბრუნა
14/11/2019 04:46:01 სხვა, მსოფლიო
თეთრ სახლში თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შორის გამართული შეხვედრის შემაჯამებელ კონფერენციაზე რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტრამპს უკან დაუბრუნა წერილი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი მას მოუწოდებდა "არ ყოფილიყო სულელი". საუბარია დონალდ ტრამპის წერილზე, რომელიც მან ერდოღანს 9 ოქტომბერს სირიაში ქურთების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს გაუგზავნა. ტრამპი მოუწოდებდა ერდოღანს, უარი თქვა სამხედრო ოპერაციაზე ქურთების წინააღმდეგ და დამდგარიყო "ისტორიის სწორ მხარეს".
კონფერენეციაზე ერდოღანი 10–წუთიანი დასკვნითი სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქურთი მებრძოლები ტერორისტები არიან. ამასთან მან კიდეფ ერთხელ მოითხოვა ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია.
დონალდ ტრამპმა შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა. ტრამპმა თურქ კოლეგას კარგი მეგობარი უწოდა და აღნიშნა, რომ მათ როგორც ქვეყნების დონეზე, ისე პირადად შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ. ტრამპის თქმით, ის პრეზიდენტ ერდოღანის თაყვანისმცემელია.
განსახილველ საკითხთა შორის იყო თურქეთის მოქმედებები სირიაში ქურთების წინააღმდეგ, რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსისა და თვითმფრინავების შეძენის საკითხი. საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ხელშეკრულება რუსეთთან 2017 წელს გაფორმდა. წინა თვეებში ცნობილი გახდა, რომ სისტემის ყველა კომპონენტის მიწოდება.რუსეთმა ვადაზე ადრე დაასრულა.
რუსული შეაირაღება დიდი ხანია აშშ-ისა და ერდოღანს შორის განხეთქილების საკითხად იქცა. აშშ ამბობს, რომ რუსული შეიარაღება ნატოს წევრ სახელმწიფოს არმიაში არასასურველია და არ შეესაბამება სტანდარტებს. როგორც ჩანს ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმებას ლიდერებმა ამ შეხვედრაზეც ვერ მიაღწიეს. ტრამპის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.