Accentnews.ge
მოგერიებულია 43 შეტევა, მძიმე ბრძოლებია ბახმუტისა და მარინკისთვის – უკრაინის გენშტაბი

მოგერიებულია 43 შეტევა, მძიმე ბრძოლებია ბახმუტისა და მარინკისთვის – უკრაინის გენშტაბი

25/04/2023 06:13:53 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 6 სარაკეტო და 62 საავიაციო დარტყმა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 70-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 43 შეტევა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლიმანის მიმართულებით მოწინააღმდეგე შეტევაზე არ გადასულა, კუპიანსკის მიმართულებით კი, ცალკეულ მონაკვეთებზე ატარებს საფორტიფიკაციო სამუშაოებს.

უკრაინის სარდლობის თანახმად, ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსეთის ჯარები განაგრძობენ სახმელეთო შეტევას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენში, თუმცა, 23 და 24 აპრილს, ქალაქში ახალი ტერიტორია არ დაუკავებიათ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს 1 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და რადიოელექტრონული ბრძოლის 2 სადგური. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს სხვადასხვა სახეობის 10 უპილოტო საფრენი აპარატი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S