
3 688 ტანკი, 7 151 ჯავშანმანქანა, 186 420 სამხედრო – უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე საუბრობს
25/04/2023 06:38:02 ევროპა
რუსეთმა უკრაინაში სრუმასშტაბიანი ომის გაჩაღებიდან დღემდე 186 420 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 690 ბოლო ერთ დღეში,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 25 აპრილის დილის ანგარიშში.
უკრაინის სარდლობის ცნობით, ასევე განადგურებულია 5 ტანკი, 14 საარტილერიო სისტემა და 24 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურებულია 3 688 ტანკი, 7 151 ჯავშანმანქანა, 2 863 საარტილერიო სისტემა, 539 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 291 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2 437 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატი, 911 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5 784 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 345 ერთეული სპეცტექნიკა.
უკრაინის სარდლობის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 6 სარაკეტო და 62 საავიაციო დარტყმა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 70-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 43 შეტევა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლიმანის მიმართულებით მოწინააღმდეგე შეტევაზე არ გადასულა, კუპიანსკის მიმართულებით კი, ცალკეულ მონაკვეთებზე ატარებს საფორტიფიკაციო სამუშაოებს.
უკრაინის სარდლობის თანახმად, ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსეთის ჯარები განაგრძობენ სახმელეთო შეტევას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენში, თუმცა, 23 და 24 აპრილს, ქალაქში ახალი ტერიტორია არ დაუკავებიათ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს 1 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და რადიოელექტრონული ბრძოლის 2 სადგური. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს სხვადასხვა სახეობის 10 უპილოტო საფრენი აპარატი.