Accentnews.ge
ევროკავშირის ელჩი: "ძალისხმევაზე უარის თქმა პოლარიზაციას გაზრდის"

ევროკავშირის ელჩი: "ძალისხმევაზე უარის თქმა პოლარიზაციას გაზრდის"

14/11/2019 08:02:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ბოლო დროს განვიტარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ძალისხმევაზე უარის თქმა პოლარიზაციას გაზრდის".

"ევროკავშირი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან იმის თაობაზე, არის თუ არა პროპორციული სისტემა საუკეთესო 2020 წლის საპარლამენო არჩევნებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების არჩევანი უნდა იყოს. თუმცა, ზაფხულის განმავლობაში შედგა პოლიტიკური კონსენსუსი და საერთო ძალისხმევა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა. ამ ფონზე, ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, მოსახლეობის ფართე ჯგუფებს შორის და ასევე, გაზრდის პოლარიზაციას 2020 წლის არჩევნების წინ. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ამ საკითხს დღევანდელი კენჭისყრისას", –აცხადებს ელჩი. 

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

პარლამენტში 12 საათზე დანიშნული სხდომის წინ, „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში უმრავლესობის შეკრება გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ასეთი შეხვედრა წინ უძღოდა პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომასაც, თუმცა, გუშინ პარლამენტში კენჭისყრა გადაიდო. უმრავლესობის ლიდერებმა მიზეზად ის დაასახელეს, რომ არსებობდა კანონპროექტის ჩავარდნის რისკი.

საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს რიგმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა. 

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. 

ბოლო სამი დღეა სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან მართავენ აქციებს სახელწოდებით „არ გაბედო ჩაგდება“.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S