
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე ვერ შეთანხმდა
14/11/2019 08:26:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის ნათქვამიდან ირკვევა, რომ "ქართული ოცნება" ვერ შეთანხმდა საერთო პოზიციებზე.
"უმრავლესობა გამოვალ მდგომარეობაში ეძებს გამოსავალს... ჩატარდება თავისუფალი კენჭისყრა", — განაცხადა ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
თავისუფალი კენჭისყრა გულისხმობს, რომ ყველა დეპუტატი დამოუკიდებლად მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას და არ გაითვალისწინებს პარტიის პოზიციას.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
პარლამენტში 12 საათზე დანიშნული სხდომის წინ, „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში უმრავლესობის შეკრება გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ასეთი შეხვედრა წინ უძღოდა პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომასაც, თუმცა, გუშინ პარლამენტში კენჭისყრა გადაიდო. უმრავლესობის ლიდერებმა მიზეზად ის დაასახელეს, რომ არსებობდა კანონპროექტის ჩავარდნის რისკი.
საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს რიგმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა.
ბოლო სამი დღეა სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან მართავენ აქციებს სახელწოდებით „არ გაბედო ჩაგდება“.