
ყაზახეთში თაღლითურ ქოლ-ცენტრებში მომუშავე საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი დააკავეს
25/04/2023 09:24:30 სამართალი
ყაზახეთში თაღლითურ ქოლ-ცენტრებში მომუშავე საქართველოს მოქალაქეების 24-კაციანი ჯგუფი დააკავეს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულებთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანდოს სუინბაიმ განაცხადა, სხვა დეტალები არ დაკონკრეტებულა.
როგორც ყაზახური მედია იუწყება, მიმდინარე წლის სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა 400-მდე დანაშაული, რომელიც სატელეფონო თაღლითობას უკავშირდება. თაღლითები თავს ბანკის თანამშრომლებად წარადგენდნენ და ყაზახეთის მოქალაქეებზე ონლაინ-კრედიტებს აფორმებდნენ.
მანამდე BBC-მ საკუთარი გამოძიების დეტალები გამოაქვეყნა, რომელიც თაღლითობის გზით ევროპელი პენსიონერების დანაზოგების მითვისებას ეხებოდა. თაღლითურ სქემაში მონაწილე ბიზნესმენებს შორის დასახელდა საქართველოს თავდაცვის ექს მინისტრი დავით კეზერაშვილიც.
თავად საქართველოში კი ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ჩატარდა სპეცოპერაციები თაღლითების გლობალურ ქსელში ჩართული ქოლ-ცენტრების გამოსავლენად. ბოლო ასეთი სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ თბილისის - ბიზნეს-ცენტრ "ატრიუმში" ჩაატარეს.