Accentnews.ge
კაცს, რომელმაც პრემიერის მამის სახლის ღობეს სატვირთო ავტომობილი დააჯახა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

კაცს, რომელმაც პრემიერის მამის სახლის ღობეს სატვირთო ავტომობილი დააჯახა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

25/04/2023 16:32:23 სამართალი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დედოფლისწყაროელ 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილს. მას სახელმწიფო ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავება – ნივთის დაზიანებას ან განადგურება და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 23 აპრილს, გიორგი გოჩიტაშვილმა დედოფლისწყაროში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამის საცხოვრებელი სახლის ღობეს სატვირთო ავტომანქანა დააჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გოჩიტაშვილი დედოფლისწყაროდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე, ლილოს ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს.

გოჩიტაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„მე ვთვლი, რომ რაც გავაკეთე, სწორად გვაკეთე. მე არ ვარ არც გამქცევი და არც ახალი დანაშაულის ჩამდენი, მე ჩემი საქმე გავაკეთე და გამოვაფხიზლე ეს ხალხი (არ დააკონკრეტა ვის გულისხმობდა რედ.). თქვენ უნდა ემსახურებოდეთ ხალხს და არა კლანს და ღარიბაშვილებს“ - მიმართა გოჩიტაშვილმა მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

საქმის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

„დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის სამედიცინო და ქონებრივი ზიანის განსაზღვრის მიზნით. ასევე უნდა დაინიშნოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, დასკვნის მიღების შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ გაგრძელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და საქმის არსებითი განხილვა, თუ შეწყდება დევნა და იძულებით მკურნალობას დაექვემდებარება ეს ადამიანი. დასკვნების მიღების შემდეგ გვექნება სრული სურათი რა დროსაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. გოჩიტაშვილს ბრალდების მხარე ამ ეტაპზე არ ედავება ბატონი ტარიელ ღარიბაშვილის ჭიშკრის დაზიანების ეპიზოდს, ვინაიდან ექსპერტიზები არის მოსასვლელი“ - უთხრა ჟურნალისტებს პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა.

დაკავებული გოჩიტაშვილის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი არჩილ ტუხაშვილი იცავს. ადვოკატი საქმის დეტალებზე არ ლაპარაკობს.

„მე მასთან ცოტა დაწყნარებულ გულზე მექნება შეხვედრა. მტკიცებულებებს გავაცნობ. ამის შემდეგ შევჯერდებით სტრატეგიაზე, როგორ გავაგრძელო მისი ინტერესების დაცვა“, - თქვა ადვოკატმა.

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 20 ივლისს დაინიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S