
„სირცხვილია": „ამ წუთიდან ვიწყებთ პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელის ჩაკეტვას“
14/11/2019 09:48:20 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საზოგადოებრივი მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩააგდების ფაქტს ეხმიანებიან და აქციებს აანონსებენ.
ისინი მოქალაქეებს აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებენ.
„ქუდზე კაცი მოვიდეს, რაც შეიძლება სწაფად. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მაღალი იქნება ჩვენი ხმა და მით უფრო მეტი იქნება შანსი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ სიტუაციის განმუხტვა. ამ წუთიდან ვიწყეთ პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელის ჩაკეტვას, იმისათვის, რომ ეს მოღალატეები აღარ გამოვუშვათ ამ შენობიდან. თუ შსს–მ იკადრა და ხელოვნურად ჩვენი გაწევა დაიწყო, ეს კიდევ უფრო აწევს ტემპერატურას. ბატონო გახარია და ივანიშვილო თქვენ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით“, – განაცხადა „სირცხვილიას“ ერთ–ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
ცნობისთვის: 20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.
ბოლო სამი დღეა სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან მართავენ აქციებს სახელწოდებით „არ გაბედო ჩაგდება“.