
დემონსტრანტებმა პარლამენტის სამივე შესასვლელი ჩაკეტეს
14/11/2019 10:16:20 სხვა, საზოგადოება
"საზოგადოებრივი მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელი ჩაკეტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი არ აპირებენ დეპუტატები შენობიდან გამოუშვან. ისინი ყველას მოუწოდებენ, რომ პარლამენტთან აქციაზე მივიდნენ.
აქტივისტები საღამოს 7 საათზე მასშტაბურ აქციას გეგმავენ, მათი თქმით პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება პირობას არ შეასრულებს.
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ესე დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმაც.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.