
მასობრივი ხუბი მოხდა ოსებისა და ინგუშების მონაწილეობით, არიან დაშავებულები
26/04/2023 16:23:56 კავკასია
ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ კურტატში მასობრივი ჩხუბი მოხდა 50-მდე ადამიანის ჩართულობით, მათგან მინიმუმ 11-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ტელეგრამ–არხ Mash Gor-ის ცნობით, დაშავებულთაგან სამი ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრია, დანარჩენები ინგუშები არიან. მომხდართან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს – 1994 და 1999 წლებში დაბადებული კაცები. ორივე ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრია.
ჩხუბის მიზეზი, ტელეგრამ–არხ Baza-ს ცნობით, ორ მოზარდს შორის დაწყებული კონფლიქტი გახდა. არეულობის დროს კი შემთხვევის ადგილზე მისული სულ მცირე, ერთი პოლიციელი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე იარაღის გამოყენებით ხულიგნობის მუხლით აღიძრა.
იუწყებიან, რომ ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ზომები გაძლიერდა, უსაფრთხოების ძალები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს.
2021 წლის ბოლოს ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნის რაიონში მოხდა მცირე კონფლიქტების სერია ოსებისა და ინგუშების მონაწილეობით. იუწყებოდნენ დაშავებულების შესახებ.
1992 წელს ოსურ-ინგუშურ კონფლიქტს, რომელიც დაკავშირებული იყო ტერიტორიულ დავასთან – პრიგოროდნის ოლქის კუთვნილებასთან დაკავშირებით, მოჰყვა მკვლელობები. მსხვერპლის შესახებ მონაცემები განსხვავებულია: საუბარია 8 000–მდე დაშავებულსა და 900-ზე მეტ დაღუპულზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა "მემორიალმა" კონფლიქტის მიზეზად სტალინური პოლიტიკა დაასახელა, როდესაც 1944 წლის დეპორტაციის შემდეგ პრიგოროდნის ოლქის ტერიტორია გადაეცა ჩრდილოეთ ოსეთს.
27-28 მარტის ღამეს უცნობმა პირებმა ინგუშეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე პოლიციის ბლოკპოსტს ცეცხლი გაუხსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავდა ორი პოლიციელი. 3 აპრილს სოფელ გვარდეისკოეში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის თანამშრომლებს. დაიჭრა ერთი ოფიცერი. 5-6 აპრილის ღამეს სოფელ ზიაზიკოვ-იურტში მორიგი სროლა მოხდა - სამი პოლიციელი დაიღუპა და რვა დაშავდა.