
პოლონეთმა რუსეთის საელჩო უფულოდ დატოვა
26/04/2023 17:18:41 ევროპა
პოლონეთის პროკურატურამ საელჩოსა და რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშებიდან თანხა მოხსნა, – განაცხადა რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა სერგეი ანდრეევმა.
„მივიღეთ შეტყობინება, რომ თანხები საელჩოს და სავაჭრო წარმომადგენლობი ანგარიშებიდან და Santander ბანკში პროკურატურის ანგარიშებზე გადაირიცხა“, - ციტირებს სერგეი ანდრეევს რუსული პროპაგანდისტული მედიარესურსი.
ამის შემდეგ Santander–მა გამოაცხადა საელჩოსთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ და დახურა ანგარიშები, – დასძინა ანდრეევმა და დააკონკრეტა, რომ საუბარია „მნიშვნელოვან სახსრებზე“ ამერიკულ დოლარსა და პოლონურ ზლოტებში.
ანგარიშები გაიყინა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ იმ საბაბით, რომ ის ისინი შეიძლება, გამოეყენებინათ „ფულის გათეთრებისთვის ან ტერორიზმის დასაფინანსებლად“. გაზეთ Rzeczpospolita-ს ცნობით, საუბარია დაახლოებით 912 ათას დოლარსა და 800 ათას ზლოტზე (დაახლოებით 180 ათასი დოლარი). პარალელურად, პოლონეთიდან ჯაშუშობის ბრალდებით 45 რუსი დიპლომატი გააძევეს.
აპრილში პოლონელმა მანდატურებმა დაიკავეს საცხოვრებელი კომპლექსი 100 ბინით ვარშავაში, რომელიც რუსეთის საელჩოს სარგებლობაში იყო, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის რესპუბლიკის სახელმწიფო ხაზინას გადაეცა.
დეკემბერში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამსახურიდან გაათავისუფლა ის თანამშრომლები, რომლებმაც დაამთავრეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი. მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განმარტა, რომ გადაწყვეტილება "დეკომუნიზაციის" ფარგლებში იქნა მიღებული:
„МГИМО იყო „რუსული იმპერიალიზმის იარაღი“ და „საბჭოთა რბილი ძალა“. ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დახურვა“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ გზით აღმოიფხვრა ის ხარვეზი, რომელიც ლუსტრაციის შესახებ კანონი ტოვებდა. რამდენმა დიპლომატმა დაკარგა სამსახური, რაუმ არ დააკონკრეტა.