
ხერსონთან იტალიური გამოცემის თანამშრომელი მოკლეს
26/04/2023 20:06:33 ევროპა
ბოგდან ბიტიკი, იტალიური გამოცემა La Repubblica-ს თანამშრომელი მოკლეს რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ხერსონის ოლქში ანტონოვსკის ხიდის დაბომბვის დროს.
გამოცემის კორესპონდენტი კორადო ზუნინო, რომელიც ამზადებდა რეპორტაჟს უკრაინის ჯარების მიერ გათავისუფლებულ ხერსონში მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრების შესახებ და რომლის მეგზურიც იყო ბიტიკი, საავადმყოფოში გადაიყვანეს მხრის არეში მიყენებული ჭრილობით.
იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზუნინო დაშავდა დრონით თავდასხმის დროს. La Repubblica-ს რედაქტორები აცხადებენ, რომ სნაიპერებმა გაუხსნეს ცეცხლი ჟურნალისტებს.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ცნობით, აპრილის დასაწყისში უკრაინაში ომში მედიის რვა თანამშრომელი დაიღუპა.