
შსს აქციის მონაწილეებს მიმართავს
14/11/2019 11:29:12 სხვა, სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართავს.
"შსს იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი", – აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.
საზოგადოებრივი მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
რუსთაველზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
ადგილზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ამ ეტაპზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ესე დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.