
საღამოსთვის რუსთაველზე დაანონსებულ აქციას "ლელოც" უერთდება
14/11/2019 12:34:42 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე 19:00 საათისთვის დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.
“მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე.
დღეს, სწორედ რუსთველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას!
მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად! დავდგეთ იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას გარანტია.
ლელო დგას ხალხთან ერთად!”, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ესე დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.
იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას