
აშშ-ის საელჩო პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება
14/11/2019 13:47:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
"ამერიკის საელჩომ თავის დროზე დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა, 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გაძლიერებისთვის.
ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში გაგრძელდეს წინსვლა საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად.
ჩვენ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის მიღების მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს 2017-18 წლების არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნას უფრო თანაბარი გარემო საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ხელშესაწყობად“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ესე დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.
იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას