
„პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს იწყებს: „უნდა შევთანხმდეთ მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის მისაღებ სქემაზე“
14/11/2019 14:22:59 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს. განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა. მისი თქმით პირველი აქცია 17 ნოემბერს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება და ის ღონისძიებაზე სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც იწვევს.
„მოვუწოდებ ყველას, მშვიდად, ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ, უნდა გავერთიანდეთ, გამოვაცხადოთ მაქსიმალური მობილიზაცია. სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც მოვუწოდებ, შემოგვიერთდნენ. აქციების პირველი და მთავარი მოთხოვნა იქნება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დატოვოს ხელისუფლება“,- განაცხადა ინაშვილმა.
აქციების მოტივადორი პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება გახდა.
„ქართული ოცნება“ 7 წელია ხალხს ატყუებს, ჰპირდება, რომ გააუქმებს მაჟიროტარულ ოლქებს. საქართველოსთვის ნათელია, რომ ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია, ნათელია, რომ ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია“,- განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ხელისუფლებას შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება, მცირედი ცვლილება განახორციელოს ჩავარდნილ კანონპროექტში და ისევ შეიტანოს პარლამენტში.
„როგორც ჩანს, ამას ისინი არ გააკეთებენ, ამიტომ ჩვენ პარლამენტში იგივე კანონპროექტს ხვალვე შევიტანთ მცირედი ცვლილებით: ბუნებრივი ბარიერი 0,67% შეიცვლება 0,7%-ით. ამავდროულად პარტიებს შორის დაწყებულია აზრთა მიმოცვლა. მოგეხსენებათ, ყველა პარტია საპროტესტო რეჟიმშია გადასული. ამ წუთებშიც არიან შეკრებილები არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და მიმდინარეობს აზრთა გაცვლა. ყველანი უნდა შევთანხმდეთ ყველასთვის მისაღებ ერთიან სქემაზე. ეს სქემა მთელი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოებისთვის უნდა იყოს მისაღები“,- განაცხადა ინაშვილმა.