28-04-2023 18:54:49 პოლიტიკა ,ინტერვიუ ,ანალიზი
22 აპრილს აშშ-ის ხელმძღვანელობით ევროპაში სტარტი აიღო ნატო–ს მასშტაბურმა მრავალეროვნულმა წვრთნებმა DEFENDER 2023, რომელშიც, როგორც ირკვევა, საქართველო არ მონაწილეობს. ეს ფაქტი „აქცენტს“ ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის პრეს–სამსახურში დაუდასტურეს.
"სამხედრო წვრთნები დინამიური და ხშირად მოძრავი მოვლენაა. ქვეყნები, რომელთა მონაწილეობა მოსალოდნელია, შეიძლება, შეიცვალონ ნებისმიერი მიზეზის გამო. DEFENDER 2023-ში ამჟამად მონაწილე ქვეყნები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სახელმწიფოებით: ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. ამ მომენტისთვის საქართველო წვრთნებში არ მონაწილეობს“,– ნათქვამია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის პრეს–სამსახურის მიერ "აქცენტისთვის“ გამოგზავნილ კომენტარში.
საყურადღებოა, რომ წვრთნების დაწყებამდე საქართველო მონაწილეთა სიაში ფიგურირებდა, თუმცა შემდეგ პენტაგონის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია დაკორექტირდა და მონაწილე ქვეყნების სია წაიშალა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ამ მასშტაბურ წვრთნებზე ქართველი სამხედროები წარმოდგენილნი არ არიან.
როგორც „აქცენტთან“ ქართველი გენერლები განმარტავენ, რომელთაც მსგავსი წვრთნებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ, დაგეგმვის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოიცავს და პერიოდის მანძილზე განისაზღვრებიან როგორც სავარაუდო მონაწილეები, ისე მათი მონაწილეობის ხასიათი. ამდენად, ვინაიდან საწყის ეტაპზე საქართველო მონაწილეთა სიაში ფიგურირებდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროდან თავდაპირველად მზაობა დადასტურებული იყო.
რა შეიცვალა შემდეგ? - ამის გასარკვევად „აქცენტი“ სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.
რა სახის წვრთნებს აცდენს საქართველო
DEFENDER 2023 ორი თვის განმავლობაში ჯამში 10 ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართება აშშ–ის 7 800-ზე მეტი, ასევე მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების 15 000–ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის ჩართულობით. ამ უკანასკნელთა შორის, როგორც დაანონსდა, იქნება მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო.
"ეს ყოველწიური წვრთნები ფოკუსირებული იქნება აშშ-ში ბაზირებული ძალების სწრაფ სტრატეგიულ გაშლაზე, საჯარისო მარაგების ეფექტურ გამოყენებასა და ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოოპერაციაზე. სწავლების მიზანს წარმოადგენს აშშ-ის არმიის უნარის დემონსტრირება, საბრძოლველად მზადმყოფი ძალები და ტექნიკა სწრაფად განალაგოს, ასევე შეაკავოს ისინი, ვინც საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას და კონტინენტი აგრესიისგან დაიცვას" - განმარტა ამასწინათ წვრთნების მიზანი პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საბრინა სინგჰმა.
გადამდგარი გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე თვლის, რომ ევროპაში რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის გათვალისწინებით, ხსენებული წვრთნების სცენარი უკრაინის ომთან მიახლოებული იქნება.
ამასთან, „აქცენტთან“ საუბრისას გენერალი განმარტავს, რომ „ზოგადად, წვრთნებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, მაგრამ რეკომენდირებული და მათ შორისაა DEFENDER–იც".
„თუ გვსურს ნატო, რაც შეიძლება ხშირად უნდა მივიღოთ წვრთნებში მონაწილეობა. რაც მეტი ნატო იქნება საქართველოში და საქართველო ნატო–ში, მით უფრო დაცულები ვიქნებით“ - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
დაახლოებით იგივე განუცხადეს „აქცენტს“ ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიაშიც:
„ისეთი წვრთნების მნიშვნელობა, როგორიცაა DEFENDER 23, არის ის, რომ ისინი ხელს უწყობს ურთიერთობების გაძლიერებას, დროში გამოცდილი ალიანსების დამყარებას თავსებადობის გაუმჯობესებისა და მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან უკვე დამკვიდრებული ურთიერთობების გაძლიერების გზით".
კოლეგებს ეთანხმება გენერალი გიორგი სურმავაც:
„ზოგადად, წვრთნები ჯარისთვის აუცილებელია და რაც მეტია, მით უკეთესი. რაც შეეხება ნატო-ს წვრთნებს, იქ ჩვენთვის ბევრი ბენეფიტია, უპირველესად - თავსებადობის ამაღლება და გამოცდილება. არის წვრთნები მხოლოდ ჯარების მონაწილეობით, ან შტაბების, ან შერეული. DEFENDER–ის წვრთნებში შტაბებიც მონაწილეობენ და ჯარებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია: მაღლდება თავსებადობა, იღებენ გამოცდილებას როგორც მეომრები, ისე შტაბები. ჩვენ მეომრების დონეზე დიდი გამოცდილება გვაქვს იგივე მისიებიდან და ნატო-ს წვრთნებიდან, აი, შტაბების მხრივ კი მეტი გვჭირდება – შტაბია თავსებადობის, ჯარების შესაძლებლობების განმაპირობებელი. ჯარისკაცის რაღაც დონეზე მომზადება თუ ექვსი თვის ან ერთი წლის განმავლობაში შეიძლება, ოფიცრის მომზადებას მეტი დრო სჭირდება, შტაბებისას – კიდევ უფრო მეტი. გამოცდილება სჭირდება როგორც ჯარისკაცს, ისე ოფიცერს“.
ამასთან, როგორც გენერალი "აქცენტთან" განმარტავს, დანაყოფებისა და შტაბების მონაწილეობა ალიანსის წვრთნებში მათი შერწყმულობის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი და „ამაშია ბენეფიტი ყველანაირი წვრთნის, განსაკუთრებით - ნატო-სი":
"ჩვენი გაცხადებული სურვილი რომაა, გავხდეთ ნატო-ს წევრი, მასთან თავსებადები უნდა ვიყოთ - როგორც ჯარისკაცი, ისე ოფიცერი, ისე დანაყოფი, ისე შტაბი“.
პირველი შემთხვევა
გენერალი ვახტანგ კაპანაძე ვერ იხსენებს შემთხვევას, ქართულ მხარეს ალიანსის მიწვევაზე უარი ეთქვას:
„როგორც წესი, მსგავს წვრთნებში ვიღებდით მონაწილეობას. ეს შესაძლოა, ყოფილიყო საშტაბო ელემენტის დონეზე, ან დანაყოფით. არ მახსენდება, მოწვევაზე უარი გვეთქვას. იყო შემთხვევა, როდესაც დანაყოფში, რომელიც უნდა გამგზავრებულიყო, ჩუტყვავილა გავრცელდა და მაშინაც კი, როგორც მახსოვს, სადამკვირვებლო დონეზე ვიყავით წარმოდგენილნი",– იხსენებს კაპანაძე.
უსაფრთხოების სექტორი ნელ–ნელა იხურება
ექსპერტი გიორგი მუჩაიძე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ორ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას.
კერძოდ, მისი თქმით, უსაფრთხოების სექტორი "ნელ–ნელა იხურება“.
"ანგარიშვალდებულების ტრანსფარენტულობის შემცირების კუთხით მკვეთრად გამოხატული ნეგატიური ტენდენცია შეინიშნება და არასამთავრობო სექტორისთვის მნიშვნელოვან თემებზე ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა" - განმარტავს მუჩაიძე.
საქართველოს ხელისუფლება ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებას ჩეხავს?
ამასთან, ექსპერტის დაკვირვებით, რუსეთის „არგაღიზიანების“ პოლიტიკამ უკრაინის ომის პირობებში უფრო „მახინჯი ფორმები მიიღო“, საქართველოს ხელისუფლება "აღარ აქცენტირებს ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, ამ კუთხით მხარდამჭერთა მობილიზებაზე არ ზრუნავს, არ ასრულებს „საშინაო დავალებას“ და ახორციელებს მხოლოდ დეკლარაციულ ვიზიტებს".
„ნატო–ს გენერალურმა მდივანმა და შარლ მიშელმაც [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – რედ.] ცალსახად უთხრეს [პრემიერ–მინისტრს ბრიუსელში ორიოდ დღის წინ გამართული ვიზიტისას]: „სასამართლოს, მედიის, კანონის უზენაესობის გარეშე არაფერი გამოვაო“. ადრე თუ რბილად ამბობდნენ, ახლა პირდაპირ და ხისტად ეუბნებიან. ამ პირობებში დეკლარაციული ვიზიტები არაფერს ნიშნავს. რეალურად, საშინაო დავალება არ სრულდება, ნატო-სა და ევროკავშირში კი დემოკრატიული რეფორმების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაცვის ნაწილშიც ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ეს არ გვბლოკავს. საქმე იქამდე მივიდა, რომ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ნატო-ში მთავარი სახელმწიფო და ჩვენი მხარდაჭერის ლოკომოტივია, სანქციებს უწესებს მოსამართლეებს, ხელისუფლება კი მათ ხელს აფარებს, ამით ამაყობს კიდეც და ამ პირობებში რა პერსპექტივა უნდა იყოს ნატო-ში გაწევრიანების?!“.
ამავე კონტექსტში მუჩაიძე მმართველი გუნდის ჩართულობით წარმოებულ მკვეთრად ანტიდასავლურ კამპანიაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ჯამში ეს ყველაფერი ქმნის სურათს, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებაზე მეტადაა ორიენტირებული, ვიდრე ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების პრიორიტეტებზე და თუ დასჭირდა, შესწირავს კიდეც ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას.