
მოვლენების განვითარების შესაძლებლობები
14/11/2019 16:03:23 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას გულისხმობს, მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ წერს.
"ვერსია 1: ოპოზიციის მოჩვენებითი ერთობა მცირე ხანში იშლება, ჩნდება დინებები, ოპოზიცია არ ასახავს ტოტალურ წინააღმდეგობას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ (ცნობილია რომ ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციაშიც ბევრი ჰყავს ნაყიდი). პროცესი, როგორც 20-21 ვნისის მოვლენების შემდეგ ჯერ ახმაურდება, შემდეგ დამშვიდდება. წინააღმდეგობა დარჩება თამაშს გარეთ. 2020 წელს ბიძინა ივანიშვილი ატარებს არჩევნებს ტრადიციული წესით, მოდის უმრავლესობაში, ხელისუფლებას ინარჩუნებს.
ვერსია 2: ნაყიდი ოპოზიციის ფარგლებში ტარდება ან ვადამდელი ან დროული არჩევნები. "ქართული ოცნება" როგორც პარტია მოდის უმცირესობაში, მასთან ერთად შემოდიან ბიძინა ივანიშვილის სატელიტი ოპოზიციური პარტიები. იქმნება იმიტაცია რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა, გადადის ოპოზიციაში, მაგრამ ის ინარჩუნებს გავლენას, გრძელდება მისი ჩრდილოვანი მმართველობა,
ვერსია 3: ბიძინა ივანიშვილი მართლაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ამოუვიდა ყელში, მისი სატელიტიცა და არასატელიტიც ქმნის ერთიან წინააღმდეგობას, ბიძინა ივანიშვილი ნეიტრალიზდება, შემდეგ იწყება ახალი ეტაპი გავლენების მოპოვების და ძალაუფლებისა. ხელისუფლება ან ყალიბდება კოალიციურად და ახერხებენ თანამშრომლობას (?) ან იქმნება კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური კრიზისი.
მთელ ამ პროცესში და წარმოდგენილი ვერსიების ვარიანტების შესრულებაში ძალიან საინტერესოა რა როლს აიღებს თავის თავზე საპატრიარქო და სასულიერო ძალაუფლება, მითუმეტეს რომ პატრიარქსა და ივანიშვილს შორის ცივი ომია, მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა კი მნიშვნელოვნად მისცეს მიმართულებას მოვლენებს.
პ.ს. ჰო, მთელ ამ პროცესში სად არის სახელმწიფო და ხალხი, უცნობია",- წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.