
ოჯახი ურანის გასაღების მცდელობის საქმეზე დაკავებულს უდანაშაულოდ მიიჩნევს
01/05/2023 11:50:17 სამართალი
ოჯახი ურანის გასაღების მცდელობის საქმეზე დაკავებულ 52 წლის ილია ბელქანიას უდანაშაულოდ მიიჩნევს. როგორც მისი მშობლები აცხადებენ, რომ შვილი ბოლოს ხუთშაბათს, 27 აპრილს ნახეს.
მათი თქმით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრები ილია ბელქანია ხუთშაბათს ფოთში ნათესავების მოსანახულებლად წავიდა.
დაკავებულის დედა ნელი ადამია ამბობს, სწორედ ამ დღეს დააკავეს მისი შვილი. დედა შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მას შვილის დაკავების შესახებ სამართალდამცველებმა 27 აპრილსვე შეატყობინეს, როდესაც მათი სახლის გასაჩხრეკად მივიდნენ. დაკავებულის მშობლები ირწმუნებიან, რომ სამართალდამცავებმა სახლში ვერაფერი იპოვეს.
"აბსოლუტურად არაფერი არ ვიცი, ხუთშაბათს წავიდა აქედან და ორ საათზე დამირეკა. მე ავადმყოფი ვარ, მის გარეშე არ შემიძლია, წნევა მიწევს და ცუდად ვხდები. ის იყო ჩემი პატრონი. დამირეკა დღის ორ საათზე და მითხრა, რომ საღამოს მოვიდოდა. თუმცა მოგვიანებთ აქ ხალხი მოვიდა. მეუღლისთვის უთქვამთ, რომ ბავშვი დაკავებული იყო. მე გადაადგილება მიჭირს, შემოვიდა გამომძიებელი და მითხრა, არ ინერვიულო დაიჭირეს ბავშვი, მაგრამ ნუ გეშინიაო, ყველაფერი კარგად იქნებაო, ჩხრეკაზე ვართ მოსულიო. ყველაფერი არეულ-დარეულია, არაფერი არ უნახავთ, არაფერი არ ამოუღიათ. რატომ დააკავეს არ ვიცი. არა მგონია ასეთი რამე ჩემს შვილს ჩაედინა. ასეთს სხვა რომ აკეთებდა მაგაზე გიჟდებოდა. ამას არ გააკეთებდა. შენს ხალხს ეს როგორ უნდა გაუკეთოო. არა, გამორიცხულია, არ გააკეთებდა. ფოთში ბევრი ნათესავი გვყავს, რაღაცაზე დადიოდა ბავშვი. ინვალიდია ჩემი შვილი, ხერხემლის გამრუდება აქვს, 6-ჯერ ნაოპერაციებია. ამბობდა, ახლა ისეთ საქონელს ვიყიდი, რომ ჩემი ჯანმრთელობა დავაყენო ფეხზეო. ჩვენ რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია ალბათ ფიქრობდა ამას. ჯოხით დადის, ავადმყოფია. არსად არ მუშაობს. 52 წლის არის. ვინმესთან ჰქონდა თუ არა კონტაქტი არ ვიცი ,“-უთხრა ჟურნალისტებს დაკავებულის დედამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
მისი ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა.