
რუსთაველზე აქციას მარგველაშვილიც შეუერთდა: „არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ ვითარება დრამატულია“
14/11/2019 17:40:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდა. როგორც ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საუბარია პროპორციული სისტემის შესახებ ცვლილებების ჩაგდებაზე.
„ვდგევარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ან დღეს, ხვალ შევძლებთ, რომ ტენდენცის შევცვალოთ, ან შევალთ სახლი, ვიფქრებთ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ კარს რომ გამოვაღებთ, დაგვხვდება დიქტატურა. ან დემოკრატია, ან დიქტატურა. მე არ მაინტერესებს ვინ რას დათმობს, ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკისოც, რომ თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა ქართველებისთვის“
მისივე თქმით, ის აპირებს საზოგადოებასთან ერთად იდგეს რუსთაველზე.
„მე ნამდვილად არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია, მე არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება“,- დასძინა მარგველაშვილმა.
ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი თავის მეგობარ პრეზიდენტებსაც მიმართავს, რომ „ამ პროცესებზე გავლენა მოახდინონ“.
„მე განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, გამოიყენეთ თქვენი უნარი და კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.