
PACE–ს თანამომხსენებლები: „პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება უკან გადადგმული ნაბიჯია“
14/11/2019 18:22:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები ტიტუს კორლატინი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ვწუხვართ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებამ არასაკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა. ათ წელზე მეტია, ყველა დაინტერესებული მხარე პროპორციული სისტემის შემოღებას ითხოვს და მისი შემოღება დიდი ხანია, ჭიანურდება. მაშინ, როცა ყველა მხარემ მიაღწია კონსენსუსს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების საჭიროების თაობაზე, სადღეისოდ ამ ცვლილებების ჩაგდება გაუგებარია. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი“, – აცხადებენ თანამომხსენებლები.
ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით კი მმართველ უმრავლესობას, გამოძებნონ გზები, რათა შესაძლებელი გახდეს ხსენებული ცვლილებების მიღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ესე დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. მოგვიანებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მარიამ ჯაშმაც. ამასთან, დღეს საპარლამეენტო უმრავლესობა დატოვა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმაც.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.
იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას