Accentnews.ge
ბლინკენი ალიევთან საუბრის შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება

ბლინკენი ალიევთან საუბრის შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება

01/05/2023 16:47:53 კავკასია

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს – არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვს ხვდება.

მანამდე ბლინკენმა მირზოიანთან და ბაირამოვთან შეხვედრები პირისპირ რეჟიმში გამართა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მირზოიანმა და ბლინკენმა შეხვედრისას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს.

სომხეთის საგარეო უწყების ცნობითვე, საუბარი ასევე შეეხო „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობას“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბლინკენსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აშშ ამ კუთხით მხარდაჭერას გააგრძელებს.

"სახელმწიფო მდივანმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს და ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის მნიშვნელობას კომერციული და კერძო მანქანებისთვის", – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S