
ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში დააბრუნეს
02/05/2023 08:27:58 სამართალი
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში დააბრუნეს.
ესებუამ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში ხუთი დღე გაატარა.
ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროცესი 8 მაისს განახლდება.
ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ამ ბრალს აღიარებს დაკავებულიც. „საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს არ აღიარებს.
გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.