
„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და პოლარიზაციისკენ"
14/11/2019 19:13:42 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდების ფაქტს "პოლარიზაციისკენ" გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, - წერს კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ესე დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. მოგვიანებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მარიამ ჯაშმაც. ამასთან, დღეს საპარლამეენტო უმრავლესობა დატოვა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმაც.
ამასთან, საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს პარლამენტთან, რომელსაც მოქალაქეებთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.