Accentnews.ge
უსუფაშვილი – "ოცნებას": "ჩვენ ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებთ"

უსუფაშვილი – "ოცნებას": "ჩვენ ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებთ"

02/05/2023 09:31:31 პოლიტიკა

30 წელზე მეტია, პარლამენტი ფუნქციონირებს და არასდროს ასეთი რამ არ უკადრია არავის, რომ ერთპიროვნულად წაეშალა საკითხი დღის წესრიგიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" წევრმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს კონსტიტუციური გეგმა და უმრავლესობის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ.

"გვეუბნებიან, რომ ყოველი პლენარული კვირის წინ ახლიდან უნდა დავამტკიცოთ დღის წესრიგიო. წავიკითხოთ რას ნიშნავს დღის წესრიგი - "პარლამენტის ბიურო განსახილველი კანონპროექტების და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს დღის წესრიგის პროექტს" ანუ კენჭსაყრელი საკითხები არასდროს ყოფილა დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი და შეუძლებელია იყოს. დღის წესრიგში რას შეიტანს ან არ შეიტანს ბიურო თუ პლენარული სხდომა, ეს ეხება განსახილველ საკითხებს და არა უკვე განხილულ საკითხებს, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გადასულია კენჭსაყრელ საკითხთა კალათაში. ხდება ხოლმე როცა ამ კალათაში საკითხი დევს, მაგრამ მასზე კენჭისყრა არ ტარდება, ეს ხდება მაშინ, როცა პოლიტიკური შეთანხმებაა, როცა ინიციატორი ითხოვს. არასდროს ამ პარლამენტში და თავს ვდებ ამაზე, 30 წელზე მეტია, პარლამენტი ფუნქციონირებს საქართველოში, არასდროს ასეთი რამ არ უკადრია არავის, რომ ასე ერთპიროვნულად წაეშალა საკითხი დღის წესრიგიდან. ამით დაირღვა კონსტიტუცია, რადგან პარლამენტის 50 წევრისთვის გარანტირებულ უფლებას ბიუროს 12 თუ 14 წევრი გაანულებს, ეს არის გაუგონარი ამბავი. ეს არის პანიკური შიშის გამო, რომ როცა ე.წ. კლანის "საქმენი საგმირონი" იქნება შესწავლილი, გამოვლინდება ბევრი რამ რაც ამ დარბაზში მყოფი ადამიანების ბოროტმოქმედებაზეც მიუთითებს. გეგმა გვაქვს კონსტიტუციური და ეს გეგმა დღეს რეალიზდება, ჩვენ ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებთ, ამ ტიპის დარღვევებს ვერავითარ შემთხვევაში ვერავის ვაპატიებთ, რადგან ეს არის კონსტიტუციის უხეში ხელყოფა"- განაცხადა უსუფაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ ჩასვას.

ცნობისთვის: პარლამენტში მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას სურს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გავლაზე სამჯერ თქვა უარი. შედეგად სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვორუმი ვერ შედგა.

კომისიის შექმნაზე დადგენილების კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს (მინიმუმ 76 ადამიანს), რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S