Accentnews.ge
თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს

02/05/2023 12:41:32 სამართალი

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს. ადვოკატები ასევე, კვალიფიკაციის შეცვლას და ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების დაწყებას მკვლელობის მუხლით მოითხოვენ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მასალები არათუ ეჭვს ბადებს, არამედ, ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.

„ვითხოვთ, თავიდან დაიწყოს საქმის გამოძიება, რომ ნათელი გახდეს, რასთან გვაქვს საქმე და როგორ იყო გამოძიება სპეციალურად ისეთი ფორმით წაყვანილი, რომ ყოფილიყო თვითმკვლელობის კვალიფიკაცია. შესაბამისად, ჩვენ უკვე ოფიციალურად ვითხოვთ, პროკურატურამ ხელმეორედ დაიწყოს გამოძიება, მიენიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მოკლული თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ყველაფერი გაკეთდეს და ჩატარდეს ისე, როგორც სამართლიან და ნორმალურ კანონიერ ქმედებას ახასიათებს. პირველი დღიდან საქმეში არსებული ყველა ქმედება და ის, რაც ჩვენ მიერ საგამოძიებო მოქმედებებისას იქნა მოპოვებული, არათუ ეჭვს ბადებს, პირდაპირ ადასტურებს თამარის მკვლელობას. იგივე ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენებები, ინფორმაციები, რომლებიც ადასტურებენ როგორ ეძებდა მოკლული თამარ ბაჩალეიშვილი გზას. ასე რომ, იმის მტკიცება, რომ გოგომ 70 კმ თვითმკვლელობისთვის გაიარა, აბსურდია. ასე მარტივად ჩვეულებრივი რიგით მოქალაქე ვერ გადადგამდა ასეთ ნაბიჯს, რომ ასეთი მოცულობის დანაშაული ჩაედინა. ამას ვერ ჩაიდენდა რიგით პიროვნება. ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი და კარგად მომზადებული დანაშაული", - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ამ განცხადების შემდეგ პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა შუბითიძეს დღეს ჩვენება არ მიუცია. ადვოკატის განმარტებით, სერგო შუბითიძის სურვილია, რომ მან გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხოს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში ნახეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. .2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა, ქალმა თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა. ოჯახი თავიდანვე ამბობდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლული იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S