
მოქალაქეების ნაწილი PSP-ს ბოიკოტს უცხადებს: "ნახოს, როგორ უნდა ხალხის ფეხებზე დაკიდება"
14/11/2019 20:05:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მოქალაქეების ნაწილი სოციალურ ქსელ Facebook-ში სააფთიაქო ქსელ PSP-ს ბოიკოტს უცხადებს.
PSP-ს დამფუძნებელმა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა დღეს მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.
ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ესე დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. მოგვიანებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მარიამ ჯაშმაც. ამასთან, დღეს საპარლამეენტო უმრავლესობა დატოვა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმაც.
ამასთან, საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს პარლამენტთან, რომელსაც მოქალაქეებთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.
იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას