
უკრაინაში „შეტევითი გვარდიის“ რვა ბრიგადა შეიქმნა
02/05/2023 13:28:52 ევროპა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „შეტევითი გვარდიის“ რვა ბრიგადა ჩამოაყალიბა. ასევე იგეგმება დამატებითი ბრიგადების მომზადება, – განაცხადა უწყების უფროსმა იგორ კლიმენკომ „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.
„ბრიგადები სრულად ჩამოყალიბებულია. ეს არის რვა ბრიგადა. გეგმაშია დამატებითი ბრიგადების ჩამოყალიბება, რადგან არის მოთხოვნა და გვაქვს შესაძლებლობაც“, - განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, უკვე შექმნილი ბრიგადების გადაიარაღება მიმდინარეობს. ისინი ორ-სამ კვირაში გაივლიან სწავლებას.
კლიმენკოს განმარტებით, თითოეული ამ ბრიგადის ამოცანაა, სამხედრო ოპერაციების დროს თავდაცვის ძალებთან ერთად განახორციელოს შეტევა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ „შემტევი გვარდიის“ ბრიგადები ჯერ არ გადასულან თავდაცვის ძალების სარდლობის დაქვემდებარებაში.
3 თებერვალს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო "შეტევითი გვარდიის" ფორმირება, რომლის ნაწილიც შეიძლება, რომ მოხალისეები გახდნენ. მოხალისეს ევალება სპეციალური კითხვარის შევსება.
აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 40 000 ადამიანს ამზადებდა კონტრშეტევისთვის. „ნაწილები ძირითადად ჩამოყალიბებულია და უკვე ვიღებთ დამატებით მოხალისეებს, რათა რეზერვი გვქონდეს მომავლისთვის“, - განაცხადა იგორ კლიმენკომ.