
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა დასრულდა
02/05/2023 18:20:41 სამართალი
2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის სერგო შუბითიძის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა დასრულდა.
ყოფილ გამომძიებელს დაკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ადვოკატმა მარიამ მაღრაძემ განაცხადა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა.
"კითხვები დაისვა ძირითადად ტელეფონთან დაკავშირებით და ასევე, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც უკვე ისაუბრა გადაცემაში. ის პირები დასახელდა, რომლებზეც ისაუბრა ეთერში. ამ ეტაპზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
ამ განცხადების შემდეგ პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა შუბითიძემ გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში ნახეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. .2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა, ქალმა თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა. ოჯახი თავიდანვე ამბობდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლული იყო.