
კენეტ იალოვიცი: "ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება"
15/11/2019 05:59:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის კენეტ იალოვიცის განცხადებით, ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება. ელჩის კომენტარს "ამერუკის ხმა" ავრცელებს.
"მე არ ვერევი საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა. ეს საარჩევნო რეფორმა, ივნისის მოვლენების შემდეგ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდა და ვერ ვიგებ, რატომ არ მიიღეს ის. ამერიკაში, საქართველოს უამრავ მეგობარს შორის შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას და მე იმედი მაქვს, რომ პოზიტიური ნაბიჯები, მათ შორის, მთავრობის გამჭვირვალობის მხრივ, გადაიდგმება,” - აცხადებს კენეტ იალოვიცი.
მოვლენებს უარყოფითად აფასებს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიმომხილველი ლუის ნავაროც. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ შიშობს, რომ 2020 წელს ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომაც თქვა უარი ცვლილებებზე.
"სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება, რომელიც მანამდე თავად ქართულმა ოცნებამ წარადგინა, გვაჩვენებს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით. ეს არის პროდასავლური "ახალი სახეების" აბუჩად აგდება, რომლებიც 2016 წელს გუნდში გააწევრიანეს. ეს, ასევე, არის სრული უპატივისმცემლობა დემონსტრანტებისა, რომლებიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დუმის რუსი კომუნისტი წევრი მოიწვია მართლმადიდებლობის კონფერენციაზე დასწრების საბაბით," - აღნიშნავს ნავარო.