
ჯონათან კაცი: "ვაშინგტონში იმედგაცრუებულები არიან"
15/11/2019 06:09:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი ჯონათან კაცი ამბობს, რომ ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში.
კაცის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება პარლამენტში უარყოფითად აისახება, როგორც მთავრობაზე, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯზეც.
"ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ, პოტენციურად, ცუდად აისახება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთში აღიქმება, როგორც ლაკმუსის ტესტი მთავრობისთვის, ბატონი ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნების" მცდელობისთვის, გაატარონ დემოკრატიული რეფორმები და გარანტირებულად ჩაატარონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი," - აღნიშნა ჯონათან კაცმა "ამერიკის ხმასთან” საუბარში.