პაატა მანჯგალაძე - საქართველოში რუსული სტანდარტით მოქმედი ტროლების ქარხანაა
04/05/2023 07:28:05 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსული სტანდარტით მოქმედი ტროლების ქარხანა მოქმედებს.
"ძალიან კარგია, რომ ამის გამოაშკარავება მოხდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ეს გვერდები არ არის და ძალიან დიდი, ორგანიზებული ტროლების ქარხანა, ე.წ. ფერმა არის შექმნილი რუსული სტანდარტით და იცით, რომ სანკტ–პეტერბურგშია ასეთი ყგელაზე დიდი ქარხანა, ზუსტად ამის კოპირება ხდება. ამას იყენებენ ძირითადად ანტიდასავლური და ანტიქართული პროპაგანდისთვის. მე არ მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე ვლაპარაკობ, მაგრამ ღარიბაშვილიც ჩვეულებრივი ტროლია, რადგან მესიჯები, რასაც ავრცელებს რუსულია - როგორ შეიძლება შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა საკუთარ მოსახლეობასთან საინფორმაციო ომში იყოს ჩართული? საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება და მთავრობა აშინებდეს და ატერორებდეს საკუთარ მოსახლეობას, ასეთი რამ წარმოუდგენელია," - განაცხადა მანჯგალაძემ.
Meta-მ (Facebook) საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა. ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციამ გამოავლინა არაავთენტური ქცევის ათობით მომხმარებელი და ჯგუფი, რომელიც ჩართული იყო საქართველოში პროსახელისუფლებო გზავნილების პოპულარიზაციასა და ოპოზიის კრიტიკაში, განსაკუთრებით ე.წ. უცხური გავლენის აგენტებზე კანონის მიღებისას დაწყებული აქციების დროს.


