
რუსული ქალაქი ყვითელმა ნისლმა დაფარა, ციდან მკვდარი ფრინველები ცვივიან
15/11/2019 09:15:08 სხვა, მსოფლიო
რუსეთში, კარელიის მხარის ქალაქ სეგეჟში მოსახლეობა უჩვეულო მოვლენამ შეაშფოთა: ქალაქი ყვითელი ნისლით აივსო, გაყვითლდა თოვლიც, ციდან კი მკვდარი ფრინველები ცვივიან.

ამ მოვლენის ამსახველ ფოტოებს ინტერნეტმომხმარებლები დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ სეგეჟში სუნთქვა გაჭირდა. როგორც თვითმხილველები წერენ, მიწაზე ჩამოვარდნილ მკვდარ ფრინველებს ნისკარტებიდან სისხლი სდით.
ადგილობრივი ეკოლოგი ნატალია პასტუშენკო ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი ქალაქში მოქმედ ქაღალდისმწარმოებელ საწარმოში მომხდარ ავარიას უკავშირდება და აღნიშნავს, რომ ჰაერში მომწამლველი ნივთიერებების გაფრქვევა ძალზედ საშიშია ადამიანებისთვის.
მისივე თქმით, მოსახლეობა და აქტივისტები უკვე 10 წელია, ცდილობენ პრობლემის მოგვარების მიღწევას და სისტემატიურად აყენებენ საქმის კურსში შესაბამის სახელისუფლებო ისტანციებს, თუმცა ამაოდ.
აღსანიშნავია, რომ ეკოლოგების სარჩელის საფუძველზე ადგილობრივმა სასამართლომ წარმოების შედეგად სასმელი წყლისა და ჰაერის დაბინძურების ფაქტი დაადასტურა, თუმცა საწარმოს მხოლოდ 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ამჯერად სეგეჟის მოსახლეობამ აქტივსტებთან ერთად მიმართვა რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნა.
ქაღალდის მწარმოებელი საწარმო 1999 წლიდან მოქმედებს, რომელიც რუსეთში უმსხვილესია. მიმდინარე წლის მარტში მისი ხელმძღვანელობა გამოვიდა დაპირებით აღჭურვილობის მოდერნიზების შესახებ, რათა სეგეჟში ეკოლოგიური მდგომარეობის კუთხით ვითარება შემსუბუქებულიყო, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ-ჯერობით საგრძნობი ნაბიჯები არ გადადგმულა.